საქართველოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით უკვე მოხდა რამდენიმე ინოვაციური სტარტაპ იდეის დაფინანსება, მათ შორის კი არის SparkLab-ის აპლიკაცია, რომლის ავტორიც სამი ახალგაზრდაა. მათ გადაწყვიტეს სასკოლო სწავლება უფრო მიმზიდველი გაეხადათ მოსწავლეებისთვის და ვიზუალურ მასალასთან ერთად უფრო ძირფესვიანად გაცნობოდნენ ინფორმაციას.
ახალგაზრდებს აპლიკაციის შექმნის სურვილი გაუჩნდათ, იმიტომ რომ დღესდღეისობით მრავალ სკოლას საქართველოში და საერთოდ – მსოფლიოში არ აქვს შესაბამისი ინვენტარი (ლაბორატორიები, ადამიანის აგებულების მოდელები და ა.შ), რათა მოსწავლეებს აჩვენონ თუ როგორ გამოიყურება ქიმიური რეაქციები, როგორ მუშაობს ფიზიკის კანონები და ა.შ. სწორედ ეს იწვევს შემდგომში იმას, რომ ბავშვებს ქიმია, ფიზიკა და სხვა მსგავსი საგნების მიმართ ინტერესი უნელდებათ, სწორედ ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც ყველა ბავშვს სთავაზობს იმას, რომ გაფართოებულ რეალობაში (AR) ჩაატაროს ის ქიმიური ცდები, რომლებიც სკოლის წიგნში აქვს მოცემული, ნახოს, როგორ გამოიყურება მზის სისტემა და გაიგოს მის შესახებ თითქმის ყველანაირი ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, ეს აპლიკაცია ხელს შეუწყობს ისეთი დარგების პოპულარიზაციას, როგორებიცაა – ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ასტრონომია და ა.შ.
აპლიკაცია შემდეგნაირად მუშაობს, ბავშვი სახელმძღვანელოს შესაბამის სურათთან მიუახლოებს კამერას და აპლიკაციის მეშვეობით თვალს ადევნებს ქიმიური რეაქციის სივრცით გამოსახულებას, ადამიანის ანატომიურ გამოსახულებს ან თუნდაც პლანეტათა განლაგებას და ა.შ.